უკრაინაში მებრძოლი ქართველები

ღარიბაშვილი: მე ყველაზე არ მითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ არის წაყვანილი ომში

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის მიერ გაკეთებული განცხადება უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით განმარტა და აღნიშნა რომ მას "ყველა" არ უგულისხმია და ჟურნალისტები ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. 

"მეორე, მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი[ ჟურნალისტების] დამსახურებაა, რომ ინტერპრეტირება მოახდინეთ, თითქოს მე, ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები. ეს არის დიდი სიცრუე და ამას ავრცელებდით თქვენ  ყველანი. 

კიდევ ერთხელ განვმარტავ მაშინ, რომ იყოს სრულიად ცხადად გაგებული. უნდა გაიმიჯნოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული ამ ბოლო დღეების განმავლობაში. არიან ადამიანები, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან".- ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე თქმით, უნდა გაიმიჯნოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ის ხალხი ვინც თავიანთი სურვილით იბრძვის უკრაინაში. მან მაგალითად ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია ფრონტის ხაზიდან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები. 

"არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით და იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი და ორგანიზებული ნაცმოძრაობის და ომის პარტიის მიერ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა გაიმიჯნოს, არის კატეგორია, რამდენიმე ადამიანი და შეიძლება ათეულიც იყოს, რომელიც დიახაც არიან სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი. ზოგიერთები დღესაც პარტიის წევრები არიან. მაგალითად მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის მხარდამჭერი. მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებს. მე ასე მესმის, თუ ადამიანი ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები, პოლიტიკური განცხადებები ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი რა არის საერთოდ".- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

5 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "ომის პარტიის"  ორგანიზებით მიდიან ქართველები უკრაინაში საომრად. პრემიერის სიტყვებს სამხედროები გამოეხმაურნენ და მის სიტყვებს სიცრუე უწოდეს. 

 

 

 

კომენტარები