ვლადიმირ პუტინი

Newsweek: კრემლი პუტინის წაქცევასა და "უნებლიე დეფეკაციაზე" გავრცელებულ ცნობას უარყოფს

ამერიკული ჟურნალი Newsweek-ი წერს, რომ მათთან კრემლმა უარყო ცნობა, თითქოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კიბეზე დაგორდა და "უნებლიე დეფეკაცია" ჰქონდა. 

Newsweek-ი წერს, რომ ტელეგრამ-არხ Генерал СВР-ზე გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, პუტინის სტრესული სამუშაო დღის შესახებ, როდესაც ის რუსეთის დაღმავალ ეკონომიკასა და უკრაინის ომზე საუბრობდა. ცნობა იუწყებოდა, რომ თითქოს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, პუტინს კიბეზე ფეხი დაუცურდა, ხუთი საფეხურით დაბლა დაგორდა და კუდუსუნის ძვალზე დაეცა, რასაც მისი "უნებლიე დეფეკაცია" მოჰყვა.

Newsweek-ი აღნიშნავს, რომ Генерал СВР, სავარაუდოდ, პუტინისა და მის გარემოცვასთან წვდომის მქონე რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის ანონიმური გვერდია და საკუთარ წყაროს არ ასახელებს. ასევე, ამერიკული ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ ტელეგრამ-არხზე ხშირად ვრცელდება კრემლის საწინააღმდეგო გადაუმოწმებელი ცნობები, მათ შორის, ზოგიერთი, ხშირად, პუტინის ჯანმრთელობის სავარაუდო გაუარესებას ეხება ხოლმე.

Newsweek-ი წერს, რომ მათ ცნობის გადამოწმება კრემლში სცადეს და ელექტრონული ფოსტით მიიღეს პასუხიც, რომელშიც "უნებლიე დეფეკაციისა" და წაქცევის ამბავს უარყოფდნენ.

"თქვენს თხოვნასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად სიცრუეა". – როგორც Newsweek-ი წერს, კრემლიდან ეს პასუხი მიიღეს. 

ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პუტინის ჯანმრთელობაზე სპეკულაციები გახშირდა.

კომენტარები