მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების ასაცილებლად საჭიროა დროული ზომები – კონსილიუმი

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე რიგით მეშვიდე დასკვნას აქვეყნებს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმების შესახებ ცნობების აქტიურად გავრცელების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიღო ექსპერტთა ჯგუფის მორიგი მონიტორინგის შესახებ გადაწყვეტილება.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 4 დეკემბერს ოთხი ექსპერტი იმყოფებოდა კლინიკა ვივამედში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის გასინჯვისა და რელევანტური სამედიცინო მასალების გაცნობის მიზნით, ხოლო ამავე წლის 5 დეკემბერს, კონკრეტულ საკითხებზე დამატებითი დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა ვივამედში მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან.

4 დეკემბრის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი). 5 დეკემბერს ვიზიტი განახორციელა გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი). ხოლო ვიზიტების შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა ასევე მიიღეს გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი) და ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი).

ომბუდდსმენის კონსილიუმის დასკვნაში ვკითხულობთ: 

  1. პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება

ექსპერტთა ჯგუფის პოზიციით, პაციენტის მდგომარეობა, ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ, მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე.

  1. პაციენტის შეფასების მონაცემები და მსჯელობა                

სახეზე გვაქვს შემდეგი ძირითადი სიმპტომები:

  • წონაში კლება 42 კგ., გასული წლის ოქტომბერში იყო 115 კგ., 2022 წლის მაისის თვეში 104 კგ. ამჟამად არის 73,6კგ. ამ­ჟა­მად სხეულის მასის ინდექსი არის 20კგ/მ2
  • დაქვეითებული კუნთების ძალა
  • შემცირებული კუნთების მასა
  • მოძრაობის შეზღუდვა
  • ენერგიის დაქვეითება
  • მგრძნობელობის დარღვევა კიდურებში
  • ცხელება
  • კოგნიტიური გაუარესება (მეხსიერების გაუარესება, ქცევის შეცვლა)

დიაგნოზები

  1. კახექსია -  ჰიპერკატაბოლური მდგომარეობა, რაც ასო­ცირებულია სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებთან და ხასიათდება კუნთების მასის კლე­ბით ცხიმოვანი მასის კლებასთან ერთად ან მის გარეშე.

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია მოცემული კრიტერიუმებიდან მინიმუმ სამი:

  1. დაქვეითებული კუნთების ძალა
  2. დაქვეითებული კუნთების მასა
  3. დაქვეითებული ენერგია/დაღლილობა
  4. ანორექსია
  5. ბიოქიმიური ცვლილებები (ანემია, ინფლამაცია, ჰიპოალბუმინემია).

პაციენტის ამჟამად აქვს:

  1. დაქვეითებული კუნთების ძალა
  2. შემცირებული კუნთების მასა
  3. ენერგიის დაქვეითება
  4. ანო­რექ­სია
  5. ანემია
  6. ცხელება
  7. წონის კლება 42 კგ (36% საწყისი წონის)

ამგვარად პაციენტის მდგომარეობა აკმაყოფილებს კახექსიის მე-4 დონეს (გამომდინარე კახექსიის გრადაციის სისტემიდან: სხეულის მასის ინდექსი  BMI ≤20 კგ/მ2 და წონის კლება 6-დან -11%-მდე მიუთითებს). თუ 2021 წლის ოქტომბერიდან 2022 წლის მაისამდე, ანუ 7 თვეში მან დაიკლო 115-105=10 კგ, 2022 წლის მაისიდან დეკემბრის დასაწყისისათვის 7 თვეში უკვე 105-73.6=31.4 კგ (წონის 29.5%), ანუ წონის კლების სიჩქარე გასამმაგდა.

  1. ყოველდღიური ცხელების ეპიზოდები (გენეზი დაუდგენელია)
  2. ანორექსია, ასთენია
  3. კუნთების განლევა
  4. გაღრმავებული ანემია
  5. პოლინეიროპათია
  6. ორთოსტატიული ჰიპოტენზია
  7. კოგნიტიური გაუარესება
  8. პოსტტრავმული სტრეს სინდრომი (დიაგნოზი დასმულია 2021 წლის 14 დეკემბრისა და 2022 წლის 19 იანვრის დასკვნებით)

მსჯელობა:

  1. პაციენტის მდგომარეობა უწყვეტად უარესდება ბოლო წლის და განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში;
  2. გაღრმავდა ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია და დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას;
  3. სამწუხაროდ, განვითარდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ არა ერთხელ პროგნოზირებული ანორექსიის სიცოცხლისათვის საშიშ კახექსიაში გადასვლა და ამჟამად, პაციენტი იმყოფება აქტიური კატაბოლიზმის (თვითმონელების და ქსოვილების განლევის) ფაზაში, რასაც ადასტურებს ძალიან აჩქარებული წონის კლება - სექტემბრიდან წონა ჩამოვიდა 98 კგ-დან ამჟამინდელ 73.6 კგ-მდე;
  4. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში (რაც ჩვეულებრივ პაციენტის მართვის სტანდარტია თანამედროვე მედიცინისთვის) და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით. პაციენტს უტარდება მრავალი კვლევა, თუმცა არ ჩანს დაავადების მართვის რაიმე ლოგიკური სტრატეგია და მკურნალობა ძირითადად სხვადასხვა ახალ გართულებებზე რეაგირების რეჟიმში ტარდება;
  5. კონსილიუმის აზრით, პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022)  შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. პროცესის ამგვარი განვითარება პროგნოზირებული იყო კიდეც ჩვენს ადრინდელ დასკვნებში. 

დასკვნა

  1. პაციენტის მდგომარეობა ბოლო შეფასების (27.04.2022) შემდგომ მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე;
  2. სახეზეა ნევროლოგიური სტატუსის გაუარესება, ანემიის გაღრმავება, ანორექსია და გასტროენტერალური მოვლენები. წონის მკვეთრი და სწრაფი კლება, კუნთოვანი მასის განლევა, ცხელება. სახეზეა კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა;
  3. პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. წონის კლების სიჩქარე ბოლო თვეებში გასამმაგდა. ასეთი სისწრაფით კლებისას კი კრიტიკული BMI <14 ( რაც < 52 კგ-ს შეესაბამება) მიღწეულ იქნება 2-3 თვეში, რის შემდეგაც დაიწყება ორგანოთა სისტემების შეუქცევადი დაზიანება;
  4. ამჟამინდელი მკურნალობა შედეგს არ იძლევა. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით;
  5. ექსპერტული მოსაზრებით, პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა, რამდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში, მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ვთვლით, რომ მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება.  

 

კომენტარები