იციკ მოშეს მკვლელობის მცდელობა

"დღეს ირანი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული" – ინტერვიუ იციკ მოშესთან

15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. როგორც შემთხვევიდან რამდენიმე ხანში გახდა ცნობილი, სამიზნე ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე იყო.

უკვე რამდენიმე დღის წინ ამერიკული გამოცემა, The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ იციკ მოშეს მკვლელობა შეუკვეთა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრმა, შაჰრამ პურსაფიმ, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ს ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობის დაკვეთვა.

ტაბულა იციკ მოშეს ესაუბრა და წერილობითი ინტერვიუ ჩამოართვა:

– ბატონო იციკ, პირველ რიგში თქვენი ორგანიზაციების, ისრაელის სახლისა და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის საქმიანობის შესახებ რომ გვესაუბროთ, რა არის მათი მთავარი მიზანი საქართველოსა და მეზობელ რეგიონში?

– 30 წელზე მეტია ვმუშაობ პოსტსაბჭოთა სივრცეში. 1989 წელს მომიწია საბჭოთა კავშირში ჩამოსვლა მსოფლიო ებრაული სააგენტოს – სოხნუთის პირველი ოფიციალური წარმომადგენლის რანგში, შემდეგ იყო სოხნუთის წარმომადგენლობების გახსნა აზერბაიჯანში, შუა აზიაში და რუსეთში. ჩემი საქმიანობა უკავშირდება ქვეყნებთან ისრაელის კავშირების გაღრმავებას, რაც შეეხება საქართველოს, ათწლეულებია ვმუშაობთ საქართველო, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ამ და ისრაელის საერთაშორისო ასპარეზზე სახალხო დიპლომატიით წარმოდგენას,  აგრეთვე, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ კამპანიის წარმართვას ემსახურება ჩემ მიერ დაარსებული ორგანიზაციები, ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი.

ჩვენ შევქმენით სქემა, რომელიც, ვფიქრობთ, მორგებულია ორმხრივ, ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნებზეც, კერძოდ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოზე, სადაც ისრაელის სახლი მუშაობს. ჩვენი ფორმატი განსხვავებულია "ტრადიციული" საქართველო-ქართველი ებრაელობის ურთიერთობის მოდელისგან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია პირდაპირი კავშირების შექმნა და არა "კუთხური" ურთიერთობა.

ისრაელის სახლი არის ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ასოციაციისა (AEPJ) ევროპული ალიანსი ისრაელისთვის (EAI). ეს ორგანიზაციები საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საქართველოს შეუძლია წარმატებით გამოიყენოს.

– მედიებში გავრცელებული ინფორმაცია იუწყება, რომ თქვენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სამიზნე იყავით. მეტიც, ამერიკული გამოცემა, The Washington Post-ი წერდა, რომ თქვენს წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებების შესრულება დაუკვეთა შაჰრამ პურსაფიმ, რომელიც აშშ-ს ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობის შეკვეთაშია ბრალდებული. რას ფიქრობთ რატომ შეიძლება გამხდარიყავით ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მნიშვნელოვანი სამიზნე? შესაძლოა რომ ეს ამბები საქართველოში თქვენს საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული, თუ უფრო ფართო სურათის ნაწილი გგონიათ?

– იმის მიუხედავად, რომ განსხვავებული პროპორციებია, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ტერორისტებმა სამიზნეები პროისრაელური საქმიანობის გამო აირჩიეს.

უფრო მნიშვნელოვანია, სად დგანან ქვეყნები, ტერორის თუ დემოკრატიული სამყაროს მხარეს, რადგან, მართალია, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ისრაელი და ისრაელელები არიან, ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ომი. ეს ყველას ეხება. ჩვენი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ კამპანია და ქვეყნებთან მეგობრული კავშირებზე ზრუნვა ამ ომის ნაწილია. ვგეგმავთ საქმიანობის კიდევ უფრო  გაფართოებას.

შაჰრან პურსაფი – ირანელი, რომელიც ბრალდებულია ჯონ ბოლტონის მკვლელობის შეკვეთაში და FBI-ის ძებნილთა სიაშია.

– როგორც მედიასთან საუბარში აღნიშნეთ, ბოროტმოქმედების დაკავების შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი დაგიკავშირდათ. რა გითხრათ ისრაელის პრეზიდენტმა, რა საკითხებზე ისაუბრეთ მასთან? ისრაელის მთავრობის სხვა წარმომადგენლები თუ დაგიკავშირდნენ?

– ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა მესამე სექტორი, არასამთავრობოები, რომელთა გზითაც ძალიან ბევრი რამ კეთდება ისრაელის სახელმწიფოსთვის და მსოფლიო ებრაელობისთვის, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მათ შორის საქართველოში, მესამე სექტორის უამრავი ინიციატივა და აქტიურობა ზოგჯერ გაუგებარია.

აღკვეთილმა ტერაქტმაც დაადასტურა, რომ ჩვენი საქმიანობა ისრაელის მტრების თვალში ძალიან დიდი და მიუღებელია. ტერაქტის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გახმაურებიდან 5 წუთში დამირეკა ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა და მხარდაჭერა გამომიცხადა და მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცავებს. უამრავი ზარი იყო საქართველოშიც და ისრაელშიც. გამოვყოფ ორს – საქართველოს პარლამენტის ისრაელის ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძისა და მისი ისრაელელი კოლეგის, დავით ბიტანის სატელეფონო ზარებს. მათ აღნიშნეს, რომ ჩვენი საქმიანობა ნამდვილი ხიდია ისრაელ-საქართველოს ურთიერთობაში. მსოფლიოში მედიამ კი ამ მოვლენას 100-მდე სტატია თუ სიუჟეტი მიუძღვნა, სადაც პროისრაელურად შეფასებულია ჩვენი საქმიანობა.

მადლობა მინდა გითხრათ ამ კითხვისთვის. ვისაც აქამდე უკვირდა, ამ ტერაქტის ამბავმა მათ პასუხი გასცა, რატომ ვართ ძირითადი ხიდი ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

–  როგორც ამბობდით, ინფორმაცია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნე თქვენ იყავით, მედიის საშუალებით გაიგეთ, რის შემდეგაც ქართულ სპეცსამსახურებს მადლობაც გადაუხადეთ. ამის შემდეგ, ბოლო პერიოდში თუ დაგიკავშირდნენ სამართალდამცველები, თუ მიიღეთ მათგან რაიმე სახის კონსულტაციები?

– შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა მხარემ პროფესიონალური სამსახური გაგვიწია. როგორც ჩანს, მიცავდნენ ისე, რომ არ ვიცოდი. მქონდა შეხვედრა შესაბამის უწყებაში და შეგვპირდნენ მხარდაჭერას და რომ უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას ჩვენი ღონისძიებების, რომლებიც ემსახურება ორი ქვეყნის კავშირებს.

– რას ფიქრობთ, წარმოადგენს თუ არა ირანის ისლამური რესპუბლიკა კავკასიის რეგიონისთვის პოტენციურ საფრთხეს?

– დღეს ირანი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგაა მიმართული. რაც შეეხება ისრაელს, ჩვენ 2000 წელია სტრესში ვართ, თუმცა არ გვაქვს შიშის და შეჩერების უფლება. მიუხედავად  2-ათასწლოვანი ტანჯვისა, ჰოლოკოსტისა, ავაშენეთ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა. ის ჩემი მყარი ზურგია და ასე ვუწვდი თანამშრომლობის ხელს მეგობარ ქვეყნებს.

– ირანის სპეცსამსახურების მიერ მსოფლიოში დაგეგმილ მკვლელობებზე გავრცელებული ცნობებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თეირანი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებით ამარაგებს, რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ირანის მიმართ?

– შეუძლებელია ყველა სფეროს სპეციალისტი ვიყო. ვსაუბრობ იმაზე, რაც კარგად ვიცი და გამომდის.

კომენტარები