იციკ მოშე

ჯონ ბოლტონისა და იციკ მოშეს მკვლელობა ერთი და იგივე ირანელის შეკვეთილი იყო – WP-ს წყაროები

მარცხნივ - ჯონ ბოლტონი, მარჯვნივ - იციკ მოშე

ამერიკულმა გამოცემამ, The Washington Post-მა ირანის მიერ დაგეგმილ მკვლელობებთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნახსენები იყო საქართველოში საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშესთან დაკავშირებული გეგმაც, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა გასულ თვეში აღკვეთეს. 

გამოცემა დასავლელ ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ იციკ მოშეს მკვლელობა სურდა იგივე პირს, რომელმაც აშშ-ს ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა.

ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვა ბრალად ედება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) წევრს, შაჰრამ პურსაფის. აშშ-ს ინფორმაციით, პურსაფიმ სოციალური ქსელების მეშვეობით დაიქირავა პირი, რომელსაც $300 000-ის სანაცვლოდ ბოლტონი უნდა მოეკლა, თუმცა, მისი გეგმის ერთ-ერთი მონაწილე ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) შენიღბული ჯაშუში იყო და მკვლელობა ჩაიშალა. ბრალდება პურსაფის შესახებ ცნობილი 2022 წლის აგვისტოში გახდა.

აშშ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პურსაფის სურდა შური ეძია IRGC-ის ელიტური ჯგუფის, ყუდსის ძალების მეთაურის ყასემ სოლეიმანის ამერიკის მიერ მკვლელობაზე, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წლის დეკემბერში მოხდა.

პურსაფი FBI-ის ძებნილთა სიაშია.

შაჰრამ პურსაფი

აქამდე ისრაელის მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოში იციკ მოშეს მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ყუდსის ძალებს სურდათ. 

15 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ირანი-საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა.

The Times of Israel-ი წერდა, რომ მოშეს მკვლელობას ირანის ყუდსის ძალები რამდენიმე ქვეყნიდან გეგმავდნენ და ირანის ხელმძღვანელობით, საქართველოში გაემართა ალ-კაიდასთან კავშირში მყოფი პაკისტანური ჯგუფი, რათა სამიზნეზე ინფორმაცია მოეგროვებინათ და თავდასხმა დაეგეგმათ.

როგორც ისრაელის მედია აღნიშნავდა, ამ პატარა ჯგუფზე პასუხისმგებლობა 2011 წლიდან ყუდსის ძალების თანამშრომელს, მოჰამად რეზა ებადი არაბლუს ეკისრება, ხოლო მეთაური არის ალი ფეიზიპური, რომელიც, მედიისვე თქმით, მსოფლიოში ირანის ტერორისტულ გეგმებში მონაწილეობდა.

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ქართულ მიწაზე ირანის ბრძანებებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობის შესახებ ცნობილი გახდა". – ამბობდა The Times of Israel-ის ანონიმური წყარო. 

კონტრდაზვერვამ საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა – სუს

აქამდე, ებრაელ ბიზნესმენებზე თავდასხმის მცდელობები, რაშიც ისრაელი ირანს ადანაშაულებდა, ჯერ 2021 წლის ოქტომბერში, კვიპროსზე აღკვეთეს, შემდეგ კი ამ წლის ივნისში, თურქეთში.

2012 წელს საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა თბილისში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა უვნებელყვეს.

იციკ მოშე 1959 წელს საქართველოში დაიბადა. 1971-ში ის მშობლებთან ერთად ისრაელში გადავიდა. მოშე არის აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელის საზოგადოებრივ დიპლომატიაზე ორიენტირებული ისრაელის სახლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. წარსულში ის რუსეთში ებრაული სააგენტოს მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო.

კომენტარები