რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: რუსეთი ნავთობზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს არ მიიღებს

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ნავთობზე დაწესებული ზედა ზღვრის მიღებაზე უარს ამბობს და დასავლეთის საპასუხოდ გეგმას სასწრაფოდ შეიმუშავებს.

პესკოვის თქმით, მოსკოვისთვის დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და ავსტრალიის მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დაწესების გადაწყვეტილებას მოსალოდნელი იყო. 

"ჩვენ რუსული ნავთობის ფასზე დაწესებულ ჭერს არ დავუშვებთ". - თქვა პესკოვმა. 

რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე ფასის ჭერს დააწესებენ, ენერგორესურსს აღარ მიაწვდის. რუსეთის პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ვენაში მოსკოვის ელჩმა, მიხაილ ულიანოვმა.

"ამ წლიდან ევროპა რუსული ნავთობის გარეშე იცხოვრებს". - წერს ულიანოვი Twitter-ზე. 

ხოლო აშშ-ის ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, ფასის ჭერი განსაკუთრებით დიდ სარგებელს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მოუტანს, რომლებმაც ენერგიისა და საკვების მაღალი ფასები საკუთარ მხრებზე იტვირთეს. 

"რუსეთის ეკონომიკა უკვე იკუმშება და მისი ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო მცირდება, ფასის ლიმიტი პუტინის ყველაზე მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს დაარტყამს". - აღნიშნავს იელენი. 

დასავლეთის გადაწყვეტილებას ვაშინგტონში რუსეთის საელჩოც გამოეხმაურა და მას "საშიში ნაბიჯი" უწოდა. ამის შესახებ განცხადება საელჩომ Telegram-ზე გამოაქვეყნა. 

გუშინ, 2 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე – $60-ზე შეთანხმდნენ. მანამდე, პოლონეთი ზედა ზღვრის დაწევას ითხოვდა, რომელიც თავდაპირველად, ევროკომისიის შეთავაზებით, $65-$70-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. 

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მიზანი შუალედური შეთანხმების მიღწევა იყო. თავდაპირველად, ბარელზე $65 განიხილებოდა, შემდეგ – $62. თუმცა, ეს ფასები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

ფასის ზედა ზღვარი დასავლურ კომპანიებს რუსული ნავთობის დაზღვევას, დაფინანსებას ან გადაზიდვას აუკრძალავს, თუ 1 ბარელი რუსული ნავთობი $60-ზე იაფად არ გაიყიდება. აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის შემცირება და, პარალელურად, ბაზარზე მისი ხელმისაწვდომობის შენარჩუნება

ევროკავშირის შეთანხმება დიდი შვიდეულის ინიციატივას ეფუძნება. თავდაპირველად, G7 (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ) ევროკავშირთან და ავსტრალიასთან ერთად რუსული ბარელი რუსული ნავთობის ფასის ზღვრის დაწესების გადაწყვეტილებაზე შეთანხმდა. 

კომენტარები