თბილისის სააპელაციო სასამართლო

უკრაინელ ქალზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ხაშურელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა

EMC

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელ ქალზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ხაშურელ ბიზნესმენს პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა". – წერს პროკურატურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული მასთან მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეზე ძალადობდა და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

2022 წლის 23 ნოემბერს ბრალდებულ გ.ხ.-ს ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე ბრალი წარედგინა. ეს ბრალი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

24 ნოემბერს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ რაიონულ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. 

პროკურატურა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები