კრიმინალი

შსს: ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათთვის მიმართვის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2-მა ბრალდებულმა ფინანსური დავის მოსაგვარებლდა ასევე დაკავებულ 3 პირს - ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს მიმართა. 

"კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - "ქურდული სამყაროს" წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების "ქურდული წესების" შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. 

ბრალდებულმა "ქურდული სამყაროს" წევრებმა მოდავე მხარეებს - მ. დ.-ს და მ. მ.-ს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. "ქურდული სამყაროს" წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს, "ქურდული გარჩევის" შედეგად, სადავო თანხის გაორმაგებით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, თანხის არ გადახდის შემთხვევაში კი ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ". - წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.   

განცხადების მიხედვით, 1967 წელს დაბადებული მ. დ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. მ. ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო ასევე წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1983 წელს დაბადებული გ.დ., 1989 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1968 წელს დაბადებული გ.ფ. პოლიციამ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები