რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი განაგრძობს მტკიცებას, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ანექსიისთვის ემზადება

სერგეი ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის მტკიცებით, ვარშავა დასავლეთ უკრაინის ნაწილის ანექსიისთვის ემზადება და ამისთვის საჭირო მომზადებებს აძლიერებს.

"საგარეო დაზვერვის სამსახურში შემოსული ინფორმაცია მოწმობს, რომ ვარშავა აძლიერებს მზადებას დასავლეთ უკრაინის მიწების: ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკისა და ტერნოპოლის ოლქის დიდი ნაწილის ანექსიისთვის". – თქვა ნარიშკინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან.

ნარიშკინის მტკიცებით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ შესაბამის სამსახურებს მისცა ბრძანება, რომ უკრაინის მიმართ პრეტენზიების ოფიციალური დასაბუთება დროულად მოამზადონ. მისივე თქმით, პრეტენზიის საწყისი წერტილი 1943 წლის ვოლინის ხოცვა-ჟლეტაა. მისი ბრალდებები აქ არ დასრულებულა და ამავდროულად აღნიშნა, რომ ვარშავა ამ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს.

კრემლის პროპაგანდისტები ხშირად ცდილობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა  უკრაინელთა და პოლონელთა  მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ეთნო-პოლიტიკურ დაპირისპირებით გააუარესონ.

ნარიშკინის მტკიცებით, პოლონეთს ინიციატიურად მოქმედება იმის შიშით უწევს, რომ NATO-ს პარტნიორები ზამთარში მოსკოვთან შეთანხმებამდე მიაღწევენ.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ვარშავას უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობაზე აფრთხილებს. მისი თქმით, "ისტორია სავსეა პოლონელი და უკრაინელი ნაციონალისტების შეტაკებების მწარე მაგალითებით" და მოუწოდა, რომ ეს აღარ გაიმეორონ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი მსგავსი მტკიცებით გამოდის. ამ წლის აპრილის ბოლოს ნარიშკინმა ვარშავისა და ვაშინგტონის მიმართ წააყენა ბრალდება, რომ ისინი იმუშავებდნენ გეგმებს, რომელთა მიხედვითაც პოლონეთი უკრაინაში "ისტორიულ საკუთრებაზე" სამხედრო-პოლიტიკურ კონტროლს დაამყარებდა.

კომენტარები