თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

რას ვუყუროთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე – რეკომენდაციები

Befunky

4 დეკემბერიდან კინოთეატრი ამირანი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.

რიგით 23-ე კინოფესტივალზე 90-ზე მეტი ქართული და უცხოური, მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ტრადიციულად ფესტივალი რამდენიმე კატეგორიად არის დაყოფილი. თითოეულ კატეგორიაში არაერთი ფილმია, რომლის დიდ ეკრანზე ნახვას გირჩევთ.

ქართული პანორამა

წლევანდელ ქართულ პანორამაში 6 სრულმეტრაჟიანი, 10 მოკლემეტრაჟიანი, 8 დოკუმენტური და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია წარმოდგენილი. ამ კატეგორიაში მოხვედრილი ნამუშევრები ფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის პრომეთესთვის იბრძოლებენ. სექციის მთავარ ფილმები ჩემი ოთახი და დიდი შესვენებაა. პირველი შარშანდელი თბილისის კინოფესტივალის ტრიუმფატორის, ოთარ ბლიაძის ახალი ნამუშევარია, ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, რომელზეც მთავარი როლის შემსრულებლებმა თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ ჯილდოები მოიპოვეს. დიდი შესვენება დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია,  მოკლემეტრაჟიანი მამისა და საშლელის ავტორის სურათი წელს საქართველოს სახელით ოსკარზეა წარდგენილი. 

ევროპული ფორუმი

სექციის ყველაზე ტიტულოვანი სურათი რა თქმა უნდა რუბენ ოსტლუნდის Triangle of Sadness არის, შვედური ფილმი წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, შავი კომედია ასევე ევროპული კინოაკადემიის 5 ჯილდოზეა წარდგენილი. ამავე სექციაშია წლევანდელი კანის კიდევ ერთი მონაწილე, თანამედროვე დამოუკიდებელი კინოს გამორჩეული რეჟისორის, ალბერტ სერას ახალი ნამუშევარი Pacifiction და ბერლინის კინოფესტივალის ტრიუმფატორი კატალონიური სურათი Alcarràs.

ოსკარის მაძიებლები

ოსკარის მაძიებლები თბილისის კინოფესტივალის ახალი კატეგორიაა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ოსკარის დაჯილდოებაზე გაგზავნილი ფილმები მოხვდა. 14 ფილმიდან ყურადღებას გავამახვილებთ Klondike-სა და Saint Omer-ზე. კლონდაიკი ოსკარზე უკრაინის სახელით არის გაგზავნილი, ფილმმა უკვე მოიპოვა ბერლინისა და სანდენსის კინოფესტივალების ჯილდოები, ასევე გაიმარჯვა საქართველოს სიდიდით მეორე, ბათუმის კინოფესტივალზე. ოსკარზე საფრანგეთის სახელით გაგზავნილი Saint Omer კი ვენეციის კინოფესტივალის ხუთი ჯილდოს მფლობელი და ევროპული კინოაკადემიის ნომინანტია.

სპეციალური ჩვენებები

წლევანდელ კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოები გადაეცემათ რეჟისორებს ოთარ იოსელიანსა და აგნეშკა ჰოლანდს, ამასთან დაკავშირებით 8 დეკემბერს, 19:00 საათზე ამირანის დიდ დარბაზში მაყურებელი გიორგობისთვეს იხილავს, ხოლო მთელი საფესტივალო კვირის განმავლობაში ჰოლანდის საუკეთესო ნამუშევრების ჩვენებაა დაგეგმილი, ცნობილი პოლონელი რეჟისორი 5 დეკემბერს მაყურებელთან შეხვედრასაც გამართავს.

კინოფესტივალის კიდევ ერთი ტრადიციული კატეგორიაა ქვეყანა ფოკუსში. წელს ამ სექციაში თანამედროვე რუმინული ფილმების ჩვენებებია გაიმართება. მაყურებელს სხვადასხვა რეჟისორის 8 სურათი ელოდება. 

იტალიელი კლასიკოსის, პიერ პაოლო პაზოლინის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშრებით ნაჩვენები იქნება მისი ფილმები: მრისხანება, მედეა, ოიდიპოს მეფე. 

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის სრულ პროგრამას და განრიგს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები