თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი

თამბაქო ერთნაირი შეფუთვით კიდევ 2 წელი არ გაიყიდება – რეგულაციის ამოქმედება გადაიდო

თამბაქო

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.  პარლამენტმა  66 ხმით, ერთი მოსმენით მიიღო თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება. 

დეპუტატ დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას  გულისხმობს.

"აღნიშნული ნორმები ამოქმედდება  2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა" -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მე-6 მუხლის ქვეპუნქტები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება, 2022 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, რაც გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დამკვიდრებას, რომლის მიზანია:

  •  თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;
  •  სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;
  •  თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

ამისათვის ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.

კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს. ამასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც.

კომენტარები