მართვის მოწმობა

მართვის მოწმობის გამოცდის დაწყებამდე მანქანის ტექნიკურ გამართულობაზე კითხვებს დაგისვამენ

მანქანა

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება. ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ძალაში 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.

გამომცდელის დავალების შესაბამისად, მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხი ვიზუალურად უნდა გასცეს - ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელმა მძღოლობის კანდიდატს შერჩევითად შეიძლება მისცეს შემდეგი დავალებებიდან ნებისმიერი ორი:

  • განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა;
  • განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა:
  • განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა:
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია:
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე:
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში;
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში;
  • აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე;
  • აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი;
  • აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა;
  • აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე;
  • აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი;

B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

კომენტარები