მიხეილ სააკაშვილი

ლომჯარია სააკაშვილზე: ექიმი არ ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმე პაციენტია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია განმარტავს, რომ ექიმის კომპეტენცია არ აქვს, თუმცა "ის, რაც ვნახე, არის ძალიან მძიმე პაციენტი".  

სახალხო დამცველის თქმითვე, ექიმებმა დაუდასტურეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დინამიკაში არ უმჯობესდება.  

"მე მყავს მიხეილ სააკაშვილი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში ნანახი, რიდესაც ის ხანგრძლივად შიმშლობდა 40-50 დღის განმავლობაში და ასეთ მდგომარეობაში ის არასოდეს არ ყოფილა. სიტუაცია ნამდვილად არ არის სახუმარო. ვფიქრობ, არის ნამდვილად სერიოზული. მე არ ვარ ექიმი და სამედიცინო დიაგნოზს, რა თქმა უნდა, ვერ დავსვამ, მაგრამ რაც ვნახე, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მძიმე პაციენტი, პაციენტი, რომელსაც არ შეუძლია სიარული, პაციენტი, რომელიც უკვე თითქმის 2 თვეა მწოლიარე მდგომარეობაშია, რომელსაც არ შეუძლია დაჯდომა, ძალიან მცირე დოზებით და არასაკმარისად იკვებება, რომელსაც აქვს სიცხეები რამდენიმე თვეა, უჭირს საუბარი, ჩვენ ძალიან ხანმოკლე კომუნიკაცია გვქონდა, იმის გამო, რომ ის ძალიან იღლებოდა და უჭირდა საუბარი. 

საერთო ჯამში, ექიმებმაც დამიდასტურეს, რომ მისი მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად არ უმჯობესდება და პირიქით, გვაქვს უკუდინამიკა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, იმსახურებს, ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია - სიტუაცია ნამდვილად არ არის სახუმარი". - ამბობს ნინო ლომჯარია ფორმულასთან ინტერვიუში.  

დღეს, 28 ნოემბერს, ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა და მას, სავარაუდოდ, დარბაზში ეტლით შეიყვანდნენ, რადგან გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. მოგვიანებით ვივამედის ხელმძღვანელმა, ნინო ნადირაძემ თქვა, რომ ექიმებმა სააკაშვილის ტრანსპორტირება გამართლებულად არ მიიჩნიეს, რის გამოც ექსპრეზიდენტი პროცესს არ დაესწრო.   

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 19 ნოემბერს გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, "თვითონ ვერ გადაყლაპავდა". მოგვიანებით, ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს განცხადებით გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი - მისი თქმით, მისი არცერთი ადვოკატისთვის არასდროს არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და "სპეკულაციები უადგილოა". იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამხარაულის ცენტრს სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაკეთებასთან დაკავშირებით მიმართა. 

კომენტარები