ჯანდაცვა

PSP: პრემიერს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს, იმედია, უახლოეს მომავალში გადამოწმდება

PSP

ფარმაცევტული კომპანია PSP ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და აცხადებენ, რომ პრემიერმინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. PSP-ს განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში.

"დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერმინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და, შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება".- ნათქვამია განცხადებაში. 

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, PSP-ს აფთიაქებში წამლებთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ხდება, რასაც ღარიბაშვილის თქმით, ამას განმეორების შემთხვევაში ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 

"რამდენიმე დღის წინ ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე. მინდა, ეს კომპანია პირდაპირ დავასახელო - PSP. თითქოს, PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს (ვიცი, რომ დავალებაა ასეთი, ეს ინფორმაცია არსებობს და ამას, რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება) გამყიდველი ეუბნება - რომელი გნებავთ, ხარისხიანი ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ეს პირდაპირ არის მტრობა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და ჩვენი პენსიონერები და გაჭირვებული ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს. ნებისმიერი პიროვნება, რა მნიშვნელობა აქვს, აფთიაქში ვინ შევა. ამას რეაგირება სჭირდება. მე ამის თაობაზე ბატონ ზურაბ აზარაშვილთან საუბარი მქონდა. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება".- თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები