ირანი

ალი ხამენეის დისშვილი, რომელმაც მსოფლიოს ირანთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდა, დააკავეს

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი, ფარიდე მორადხანი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ქვეყნებს ირანის მთავრობასთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდა

მორადხანი დააკავეს 23 ოქტომბერს, როდესაც ის პროკურატურაში სასამართლოს ბრძანების საპასუხოდ მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მორადხანის ძმა, მაჰმუდ მორადხანი ავრცელებს. 

ვიდეო მიმართვაში, რომელიც მაჰმუდ მორადხანმა გაავრცელა, ფარიდე მორადხანი მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებს, მიმართონ მთავრობებს, რომ შეწყდეს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა ირანის რეჟიმთან.

"თავისუფალო ხალხო, იყავით ჩვენ გვერდით და უთხარით თქვენს მთავრობებს, შეწყვიტონ ბავშვების მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა. ეს რეჟიმი არც ერთი ჩვენი რელიგიური პრინციპის ერთგული არ არის, ის არ იცნობს კანონებსა და წესებს. 

ახლა, ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, მთელი კაცობრიობა ხედავს, რომ ირანელი ხალხი ცარიელი ხელებითა და სამაგალითო სიმამაცით ებრძვის ბოროტ ძალებს. ირანელები ამ მძიმე პასუხისმგებლობის ტვირთს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ატარებენ". - ამბობს ფარიდე მორადხანი მიმართვაში.

მორადხანის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ირანის რეჟიმმა დაინახოს, რომ მარტოა და მხარს არცერთი ქვეყნის მთავრობა უჭერს. 

"ეს არის რეჟიმი, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში ათასობით ირანელი მოკლა მაშინ, როდესაც მსოფლიო ამას მხოლოდ უყურებდა". - დასძინა მორადხანმა. 

მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც 16 სექტემბერს 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაპატიმრების შემდეგ დაიწყო, სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით, ძირითადად სუნიტი მუსლიმებით, დასახლებული რეგიონებში.

რამდენიმე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რევოლუციური გვარდიის უფრო მეტი ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმი დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო რეგიონებში მიემართებოდა, სადაც ქურთი უმცირესობა ცხოვრობს. 

ირანი დასავლეთის ქვეყნებს არეულობის ორკესტრირებასა და ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში სეპარატისტული ჯგუფების სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს. გაეროს უფლებათა კომისარის ინფომაციით, საპროტესტო აქციების დაშლისას გასულ კვირას 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მაჰსა ამინი სექტემბერში მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით არასრულწლოვანი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები