რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ომია

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები უნდა განიხილებოდეს, როგორც "ომი, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია აწარმოებს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან".

"ფაქტობრივად, უკრაინული მხარე დიდი ხანია ომშია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც კიდევ ერთი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში" - ამბობს პესკოვი. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში "კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" ჩაატარა

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქმედებებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიისა და ეროვნული პოლიციის თანამშრომლებიც, "უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ СБУ-ს სისტემატური მუშაობის ფარგლებში".

"კერძოდ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, იზრდება ტერორისტული აქტების, საბოტაჟისა და მძევლების აყვანის საფრთხე, განსაკუთრებით ადგილებში, სადაც ბევრი მოქალაქე იყრის თავს". – ნათქვამია განცხადებაში

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვის ღონისძიებების 3 მიზანს ასახელებს: 

  • "ლავრის "რუსული სამყაროს" ცენტრად გამოყენების აღკვეთა.
  • გადამოწმდეს მონაცემები, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შენობებს იყენებენ დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფები, უცხოეთის მოქალაქეები, [იყენებენ] იარაღის შესანახად და ა.შ.
  • მოსახლეობის პროვოკაციებისგან და ტერორისტული აქტებისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა."

განცხადებაში ნათქვამია, რომ СБУ-მ ჩაატარა ლავრის ტერიტორიის შემოწმება, რათა აღმოეჩინათ, ინახავდნენ თუ არა აკრძალულ ნივთებს; შეემოწმებინათ ლავრის ტერიტორიაზე მყოფი პირები, მონაწილეობდნენ თუ არა უკრაინის სუვერენიტეტისთვის საზიანო საქმიანობაში.

აქამდე, 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩორის ლავრაში რუსეთისთვის ლოცულობდნენ. ამის შემდეგ, СБУ-მ ლავრაში რუსული პროპაგანდის გავრცელების საქმეზე 15 ნოემბერს გამოძიება დაიწყო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგივე ღონისძიებები ჩაატარა როვნოს ოლქში მდებარე რამდენიმე მონასტერშიც.

კომენტარები