ჯანდაცვის სამინისტრო

2023 წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 7 ლარი იქნება, ექთნის – 4.4 ლარი

Claudio Furlan / LaPresse / AP

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება.

ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით – თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით – თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს.

უწყების ინფორმაციით, რეფორმის მიხედვით, მომავალი წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკის ხელმძღვანელობა, ვალდებული იქნება, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ კერძო კლინიკებში ექიმის ხელფასი საათში 5.5 ლარიდან 6.2 ლარამდე მერყეობს. ექთნის და სხვა სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასის ოდენობა კი ექიმის შრომითი ანაზღაურების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროცენტით არის განსაზღვრული.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებშიც გაიზრდება, 2025 წლისთვის კი ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

კომენტარები