უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის თქმით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. კოსტინის ინფორმაციით, დაღუპულთა 90%-ზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა.
"მაგრამ, ჩვენ გვესმის, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით დიდია, რადგან ჯერჯერობით ზოგიერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე წვდომა არ გვაქვს". - თქვა კოსტინმა.
კოსტინის განმარტებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის პროკურატურამ 45 000-ზე მეტი სავარაუდო ომის დანაშაული დაადგინა.
კოსტინმა აღნიშნა ისიც, რომ ომის სავარაუდო დანაშაულებში 216 რუსი სამხედროა ეჭვმიტანილი. მათგან 17 სამხედრო ტყვეა, დანარჩენს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. სასამართლო 60 პირის საქმეს განიხილავს, მათგან 12 კი უკვე გაასამართლეს.
პროკურატურის ცნობით, რუსეთის შემოჭრის შედეგად სულ მცირე 8 311 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 437 ბავშვი დაიღუპა. გარდა ამისა, 11 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.





