საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქმა მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიიდან გაათავისუფლა

ტაბულას ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, რომელიც ამ დრომდე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას მართავდა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ შექმნილმა კომისიამ ეპარქიის მართვას ჩამოაშორა და ის მხოლოდ დმანინისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას უმწყემსთავრებს. 

გადაწყვეტილებას სინოდი უნდა დაეთანხმოს, იქამდე კი ის დროებით შედის ძალაში. 

ტაბულას ინფორმაციით, დოკუმენტში ნახსენებია "ეპარქიაში შექმნილი ვითარება", თუმცა დეტალები განმარტებული არ არის. 

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო უპირისპირდებოდნენ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიაში მრევლის ნაწილსა და მღვდელმთავარს შორის კონფლიქტი თვეებია გრძელდება. 

მორწმუნეთა ეს ჯგუფი მღვდელმთავარს რამდენიმე კანონიკურ და ზნეობრივ ბრალდებას უყენებს.

ტაბულას ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ ჩაიბარებს ეპარქიის მართვას დროებით.

ინფრომაციას მოგვიანებით საპატრიარქოც ადასტურებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის Facebook გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა.

კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით.

კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.

წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან.

აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს.

უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე". - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები