ირანი

BBC: ირანის უსაფრთხოების ძალებმა მოზარდი ბიჭები მოკლეს

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი მოზარდი ბიჭი მოკლეს. ინფორმაციას BBC ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო მედიის მტკიცებით, მოტოციკლეტზე მსხდომმა შეიარაღებულმა პირებმა "ტერორისტული თავდასხმისას" იზეჰში შვიდი ადამიანი მოკლეს.

თუმცა, ოპოზიციურმა წყაროებმა და დაღუპულთა ოჯახებთან დაახლოებულმა პირებმა BBC Persian-ს უთხრეს, რომ ცეცხლი უსაფრთხოების თანამშრომლებმა გახსნეს, რის შედეგადაც 9 წლის კიან პირფალაკი და 14 წლის სეფეჰრ მაგსუდი მოკლეს.

 ამავე წყაროს მტკიცებით, 9 წლის მოზარდი მამასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც უსაფრთხოების თანამშრომლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა. 

სეფეჰრ მაგსუდის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ BBC Persian-ს უთხრა, რომ 14 წლის მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღით საპროტესტო აქციაზე ესროლეს. წყარო, ასევე ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა მისი ცხედარი ადგილობრივი მორგიდან მოიპარეს. 

ოპოზიციურმა აქტივისტებმა უსაფრთხოების ძალები კიდევ ერთი 14 წლის წლის ბიჭის, არტინ რაჰმანის მკვლელობაში დაადანაშაულეს. 

2019 წლის ნოემბრის საწვავის ფასის ზრდის პროტესტის გამო დაღუპულთა ხსოვნისადმი მოწოდებების საპასუხოდ, ირანის დიდ ქალაქებში დემონსტრაციები და მასობრივი გაფიცვები მიმდინარეობს. 

კლერიკალური მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მიმდინარე პროტესტი ირანში ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაკავებას, ცემასა და შემდგომ გარდაცვალებას მოჰყვა. 

ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, უსაფრთხოების ძალების მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობისას მინიმუმ 362 დემონსტრანტი, მათ შორის, 53 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 16 000 ადამიანი დააკავეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დაიღუპა უსაფრთხოების 46 თანამშრომელი.

კომენტარები