საქართველო-აშშ

სუბარი დონფრიდზე: თუ წინსვლა არის ხალხის წამება, ჯობს, "დემოკრატიულ უკუსვლაში" დავრჩეთ

"თუ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფიქრობს, რომ დემოკრატიული წინსვლა არის ადამიანების წამება, მაშინ ჯობს, ამ "დემოკრატიულ უკუსვლაში" დავრჩეთ" - ასე ეხმაურება ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს, რომელმაც თქვა, რომ "საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია".

სოზარ სუბარი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორებისგან მართალ სიტყვას და სწორ შეფასებებს ელოდება. 

"როდესაც ლაპარაკობენ დემოკრატიულ უკუსვლაზე და მისტირიან ციხეში წამებასა და მკვლელობებს, 150 კაცი რომ კვდებოდა ციხეში, ბოდიში, ეს დრო ვერ დაბრუნდება, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს. ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც ამას ვიღაც მისტირის".- ამბობს სუბარი. 

მისივე თქმით, ქვეყანა ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტებით დაცვას და ევროკავშირის წევრობის მცდელობას გააგრძელებს და "როცა გადაივლის ეს უცნაური დამოკიდებულება, რომ საქართველო მაშინ იქნება წარმატებული, თუ ომში ჩაებმება, ამის მერე გვექნება შანსი, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წარმომადგენლები".

კარენ დონფრიდმა აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული პროგრესის ნაკლებობაზე. ის შეეხო საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე თავდასხმებსა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ქმედებები ძირს უთხრიან საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. 

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ევროკავშირთან ერთად დაეხმაროს საქართველოს, გაატაროს კანდიდატის სტატუტის მისაღებად საჭირო რეფორმები და იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში პროგრესი იქნება.

კომენტარები