ქართული ოცნება

სამთავრობო მედია იმედის ყოფილი დირექტორი ყაზახეთში ელჩად დაინიშნა

სამთავრობო მედია იმედის ყოფილი დირექტორი, ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.  

ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა - განცხადების მიხედვით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა, მიულოცა და წარმატება უსურვა.  

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლოზ ლალიაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და გაერთიანებულ ენერგოდისტრიბუციის კომპანიაში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ასევე, სხვადასხვა დროს იყო სტუდია მაესტროს პოლიტიკური რედაქტორი, ტელეიმედის გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი". - წერია განცხადებაში. 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ ლალიაშვილი მითითებებს აძლევდა TV მაესტროს ჟურნალისტებს, როგორ გაეშუქებინათ საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.   

ასევე, 2020 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტების წარდგენილი განცხადება განიხილა და დაასკვნა, რომ ლალიაშვილმა ქარტიის მეორე პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.ც

მაესტროს ყოფილი ჟურნალისტები - ანა ცხოვრებოვა, ნინო კვინტრაძე, მარიამ მჭედლიშვილი, გიგა ბენია და ნუცა შუბაშვილი წერდნენ, რომ ნიკოლოზ ლალიაშვილი მათთან შეხვედრაზე აკრიტიკებდა სიუჟეტებს, რომლებიც, მისივე შეფასებით, "კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ" - ის, პრაქტიკულად, გასცემდა დირექტივას, როგორი უნდა ყოფილიყო გადაცემა და ვისი ინტერესების სასარგებლოდ უნდა ემუშავა დირექციას. ასევე, ჟურნალისტების თქმით, ლალიაშვილმა მათ მოსთხოვა, რომ ერთ-ერთი სიუჟეტი ეთერში არ გაეშვათ - მიზეზად კი დაასახელა, რომ "მერიაში ნერვიულობენ". ჟურნალისტების თქმით, ნიკოლოზ ლალიშვილი მათ განუმარტავდა, რომ გადაცემის მიზანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში არდაბრუნება უნდა ყოფილიყო. შეხვედრების შემდეგ, როდესაც ჟურნალისტებმა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია ვერ მიიღეს, მაესტრო დატოვეს. 

კომენტარები