ISFED-ის ანგარიში

ISFED: ლალიაშვილი მაესტროს უთითებდა, როგორ გაეშუქებინა საკითხი "ოცნების" ინტერესის დაუზიანებლად

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი. მათ შორის ერთ-ერთია, როდესაც ამჟამად ტელეკომპანია იმედის დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი მითითებებს აძლევდა TV მაესტროს ჟურნალისტებს, როგორ გაეშუქებინათ საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.

3 ოქტომბერს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა "ბიზნესის სიახლეების" ჟურნალისტების მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ლალიაშვილის მიერ ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევაც დაადგინა, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

ქარტიამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. ნიკა ლალიაშვილი აძლევდა მითითებებს ჟურნალისტებს, როგორ გაშუქებულიყო საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო. ქარტიამ ხაზი გაუსვა, რომ მედიამენეჯერების ნაწილს სურს, ჟურნალისტები აქციონ მიკერძოებულ ჯარისკაცებად პოლიტიკურ ძალთა ომში.

"მსგავსი ფაქტები და წინასაარჩევნოდ უკიდურესად პოლარიზებული მედიაგარემო დამაზიანებელია მოქალაქეთა მიუკერძოებლად ინფორმირებისა და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნებისთვის". – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედური ანგარიშში ასევე მოხსენიებულია 21 ოქტომბერს, TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის მიერ გაავრცელებული ინფორმაცია, რომ მის მამას, ავთანდილ წერეთელს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ უცნობი პირები, რომლებმაც უთხრეს, რომ, თუ მისი შვილი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა, მოკლავდნენ. "თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო". ვატო წერეთელი ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.

ISFED-ის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლის ფაქტები.

კომენტარები