დეოლიგარქიზაცია

ოლიგარქების რეესტრს პარლამენტის ნაცვლად მთავრობა შეადგენს – ოცნების გადაწყვეტილება

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შემდეგ მოქალაქეების ოლიგარქებად აღარებისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის გადაწყვეტილებას პარლამენტის ნაცვლად მთავრობა მიიღებს. მმართველი პარტიის წევრები განმარტავენ, რომ ეს ქართულ და უკრაინულ კანონებს შორის ერთადერთი განსხვავება იყო და ამ ცვლილებით "მცირე მანიპულაციის" საშუალებაც აღარ რჩება.

"გადათარგმნილია სიტყვა-სიტყვით, მითითებულია საბჭო უკრაინულ კანონში, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ამ ერთი ფრაზის გამო ვიღაცას რომ არ ეთქვა, რომ უკრაინულ კანონთან ბოლომდე შესაბამისობაში არაა, ანუ იქ აღმასრულებელი ფუნქციაა და აქ საპარლამენტო რატომ გახადეთ, აი, ამის გამო კიდევ უფრო მიუახლოვეთ. სხვა სიტყვა-სიტყვით თარგმანია, მაგრამ ეს საბჭო, რომელიც მითითებულია რეესტრის განმსაზღვრელად, ჩვენთან არაა ფიზიკურად, რაღაცა ხომ უნდა ჩაგვეწერა. ამიტომ არარელევანტური გამოდიოდა პარლამენტის ჩაწერა – უკრაინაში აღმასრულებელი წყვეტს, საქართველოში პარლამენტი. ეს მცირე მანიპულაციისთვისაც კი კითხვის ნიშანი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ შეიცვალა ჩანაწერი". – თქვა ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა. ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად ქართულმა ოცნებამ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება გადაწყვიტა, მის "ობიექტურ საზომად" კი უკრაინული კანონი მიიჩნიეს.

კანონის ქართულ და უკრაინულ რედაქციებში ოლიგარქად აღიარების კრიტერიუმები და სხვა მუხლები იდენტურია, თუმცა კანონებს ერთი ტექნიკური ასპექტი განასხვავებდათ – საქართველოში ოლიგარქების რეესტრის შექმნა და მათში მოქალაქეთა შეყვანა პარლამენტის მოვალეობა უნდა ყოფილიყო, ხოლო უკრაინაში ინდივიდის ოლიგარქად აღიარება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ევალება, რომელისთვის კანდიდატურების წარდგენა მინისტრთა კაბინეტს, ეროვნულ ბანკს, უსაფრთხოების სამსახურსა და ანტიმონოპოლიურ კომიტეტს შეუძლიათ.

დეოლიგარქიზაციის ქართულ კანონონპროექტშია ამჟამად ნათქვამია, რომ მოქალაქის ოლიგაქრად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას თავად პარლამენტი მიიღეებს, მათ კი სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებასაც პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

3 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტის არსებული რედაქცია  პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები