საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია ვარჰეიზე: საქართველოსთვის არაფერი იცვლება უკეთესობისკენ იმით, რომ არ გაგვაკრიტიკა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი და მისი განცხადებები შეაფასა. ბოკერიას თქმით, ვარჰეის მისიის ამოცანა საჯარო კრიტიკა არ ყოფილა.

"მგონია, ყველასთვის ნათელია, რომ ამ მისიის ამოცანა საჯაროდ კრიტიკული შენიშვნების გაკეთება არ იყო. ოლივერ ვარჰეი მხოლოდ ზოგადი მოწოდებებით დაკმაყოფილდა. მე კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების, ფართო გაგებით ჩემი თანამოაზრეების ნაწილის აღშფოთება და ღელვა მესმის. ოღონდ, ნაწილობრივ უნდა შევეკამათო. არა იმაში, რომ კომისრის პასუხი რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკაში და თქვენთან მიმდინარე პროცესებში ვერ ვერკვევიო. ეს პასუხი გულწრფელადაც არ გამოიყურებოდა და სხვა აქცენტებიც მოუმზადებელი იყო". - თქვა გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში.

ბოკერიას თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ მომენტში, მათ შორის ავტორიტარული მმართველების საჯარო კრიტიკა საჭიროდ არ ითვლება. ბოკერიამ ამის კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.

"უბრალოდ, საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ შორის თავისუფალი ქვეყნებისგან ყოფილა და მომავალშიც იქნება შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ მომენტში, საჯარო კრიტიკა, მათ შორის ავტორიტარული მმართველების, საჭიროდ არ ჩაითვლება. შემიძლია იანუკოვიჩის მაგალითი გაგახსენოთ. თითქმის სულ ბოლო მომენტამდე, სანამ მან ღიად და პირდაპირ არ გადადგა ნაბიჯები ევროპის წინააღმდეგ და სანამ ამის გამო უკრაინის შიგნით არ დაიწყო დემოკრატიული ამბოხი. ლუკაშენკოსთან მიმართებაშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ მომენტში, საგარეო პოლიტიკის დიპლომატიურ წარმომადგენლებს ხშირად მცდარად, მაგრამ არ ჩაუთვლიათ საჭიროდ რაიმე სახის ღია კრიტიკა. ორბანის შიდა დინება ნამდვლად არის, ოღონდ, ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოებისთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, იმ ფონზეც კი, როცა ეს გზავნილები გაუგებრობას იწვევს, არის ის, რომ არსებითად საქართველოსთვის არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება იმით, რომ ამ პიროვნებამ არ გაგვაკრიტიკა. რას ვგულისხმობ. ამ მახეში რომ არ აღმოვჩნდეთ, რომ ვიღაც ცინიკოსმა, მათ შორის სამთავრობო პროპაგანდის წარმომადგენელმა შეიძლება თქვას - რა გინდათ, კაცო, სწორად თუ არასწორად, თუ სტატუსს გვაძლევენ, წევრებიც ვხდებით და ორბანს მართლაც გაფართოება უნდა, ეს პრობლემა რატომ არისო. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ეგ ეგრე არ არის" - ამბობს ბოკერია.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ის ხედავს, რომ საქართველოს მთავრობა 12 პუნქტის შესასრულებლად ძალიან აქტიურად მუშაობს. მისი განცხადებით, ის პოზიტიურ ძვრებს ხედავს სასამართლო სისტემის რეფორმისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით - "საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და სხვა ევროპული ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ წინ არის, თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი" - თქვა ვარჰეიმ. 

ასევე, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესაფასებლად ვენეციის კომისიას უნდა მიმართოს, რათა დადგინდეს, რამდენად მიიყვანს ქვეყანას ეს იურიდიული ინსტრუმენტი ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციის შესრულებასთან. ვარჰეი ამბობს, რომ კანონპროექტი ჩარჩო-დოკუმენტი უნდა იყოს და რეკომენდაცია არ უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს.

ოლივერ ვარჰეიმ აგრე თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკა ყვავის და მისი განვითარება ქალაქში სიარულის დროსაც თვალსაჩინოა. 

კომენტარები