თურქეთი

ქურთისტანის მუშათა პარტიამ სტამბოლის ტერაქტში მონაწილეობა უარყო

Kemal Aslan/Reuters

ქურთისტანის მუშათა პარტიამ (PKK) სტამბოლში მომხდარ ტერაქტში მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებები უარყო. მათი თქმით, პარტიის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის. 

"ჩვენი მხრიდან, რაიმე ფორმით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა გამორიცხულია". - წერია ქურთისტანის მუშათა პარტიის განცხადებაში.

მანამდე, დღეს, 14 ნოემბერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუმის თქმით, დააკავეს პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, სტამბოლის ცენტრში, ისთიქლალის ქუჩაზე ბომბი დატოვა. მას გარდა, დაკავებულია კიდევ 21 ეჭვმიტანილი. 

13 ნოემბერს აფეთქებას, მინიმუმ, 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც The Guardian-ი წერს, დაიღუპა 8 ადამიანი და დაშავებულია 79.

სულეიმან სოილუმი აფეთქებაში სეპარატისტ ქურთებს, კერძოდ ქურთისტანის მუშათა პარტიასა(PKK) და სირიაში მოქმედ სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) ადანაშაულებს. ეს ჯგუფები თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მტკიცებით, თავდასხმა ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიგეგმა. კერძოდ, სოილუმის თქმით, აფეთქების ბრძანება ქალაქი აინ ალ-არაბიდან იყო გაცემული, სადაც PKK-სა და YPG-ს შტაბბინებია. 

აფეთქება ისთიქლალის ქუჩაზე მოხდა მაშინ, როდესაც ქალაქის ეს წერტილი ყველაზე დატვირთული იყო. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა, ბექირ ბოზდაღმა თქვა, რომ ამ ტერიტორიაზე შენიშნეს ქალი, რომელიც სკამზე 45 წუთის განმავლობაში იჯდა და "აფეთქება მისი წასვლიდან რამდენიმე წამში მოხდა". 


PKK ანკარას, ვაშინგტონისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ამ ჯგუფთან კავშირშია YPG-იც, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებად თურქეთის მიერაა გამოცხადებული, თუმცა აშშ-ს მხარდაჭერილი სირიული დემოკრატიული ძალების ნაწილია. სირიის დემოკრატიული ძალები სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ჯგუფებს ებრძოდა.

"ტერორისტული თავდასხმები ჩვენს მოქალაქეებზე ზოგიერთი ქვეყნის მიერ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგებია". – თქვა თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების მეთაურმა, ფაჰრეტინ ალთუნმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

PKK ხშირად ხდება თურქეთის ოპერაციების სამიზნე ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ასევე ქურთები ცხოვრობენ. ამას გარდა ანკარა შვედეთის NATO-ში შესვლას ბლოკავს ბრალდების გამო, რომ ისინი PKK-ს მფარველობენ.

კომენტარები