რუსეთი

პუტინის ინიციატივით, პირს რუსეთის მოქალაქეობა არმიის დისკრედიტაციისთვის ჩამოერთმევა

Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პუტინის ინიციატივით მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, პირს რუსული არმიის დისკრედიტაციისა, ან არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

ცვლილებით ფართოვდება იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელიც მოქალაქეობის შეწყვეტით უნდა ისჯებოდეს:

1. უცხოური ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა/თანამშრომლობა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არასასურველ საქმიანობადაა აღიარებული.

2. რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სახელმწიფო ორგანოების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

3. საჯარო მიწოდებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ.

4. საჯარო ქმედებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას იასახავს მიზნად

რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება იყოს ისეთი დანაშაულებიც, როგორებიცაა საჯარო მოწოდებები ექსტრემიზმისკენ, სახელმწიფო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა, შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება, ძარცვა, ქრთამი, სახელმწიფო გერბის და დროშის შეურაცხყოფა და სხვა.

სამთავრობო მედიის ცნობით, სახელმწიფო დუმამ მოქალაქეობის ჩამორთმევის კანონპროექტი აპრილში პირველი მოსმენით მიიღო. თავდაპირველ ვერსიაში პირი მოქალაქეობის ჩამორთმევით ისჯებოდა ისეთი დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, როგორებიცაა ტერორისტული საქმიანობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და დოკუმენტების გაყალბება. პუტინის შეთავაზებული შესწორებით კი, სია გაფართოვდა.

კომენტარები