რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: ხერსონის გათავისუფლება უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცის დადასტურებაა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცის დადასტურებაა

ამის შესახებ ბლინკენმა კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე ისაუბრა, როდესაც ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

ასევე, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა და ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგების შემსუბუქებაში. 

გარდა ამისა, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლების მნიშვნელობა, რომლის ვადაც 19 ნოემბერს იწურება. 

ბლინკენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ნებისმიერი მოლაპარაკების დრო და შინაარსი უკრაინის გადაწყვეტილებად რჩება.

კომენტარები