ისრაელი

ისრაელის პრეზიდენტი ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატს 13 ნოემბერს გადასცემს

ისააკ ჰერცოგი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ქნესეთში, 2021 წლის 2 ივნისი.
The Times of Israel

ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატს 13 ნოემბერს გადასცემს.

ამის შესახებ ჰერცოგმა ქნესეთის დეპუტატებთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა. ნეთანიაჰუმ საკუთარი პოლიტიკური ბლოკისგან 64 რეკომენდაცია მიიღო. ნეთანიაჰუს პოლიტიკურ ბლოკში შედის მისი პარტია, ლიკუდი და ულტრაორთოდოქსული პარტიები: შასი და გაერთიანებული თორას იუდაიზმი, ასევე ულტრამემარჯვენეთა ბლოკი –რელიგიური სიონიზმი. 

იაირ ლაფიდმა, რომელიც ისრაელის პრემიერმინისტრის მოვალეობას ამ კვირაში ტოვებს, მიიღო ქნესეთის 28 დეპუტატის რეკომენდაცია პარტიებისგან: იეშ ათიდი და შრომა. დანარჩენმა 28 დეპუტატმა, რომლებიც პარტია ეროვნული ერთობის, ისრაელ ბეითეინუს, რაამისა და ჰადაშ-თაალის წევრები არიან, რეკომენდაციის გაცემისგან თავი შეიკავეს.

13 ნოემბრიდან ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება. ამას გარდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, ნეთანიაჰუს ამ პროცესისთვის დამატებითი 14 დღე მიეცემა.

ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. 11 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა ლიკუდისა და ულტრამემარჯვენე ფრაქცია ოცმა იეჰუდიტს შორის. ოცმა იეჰუდიტი რელიგიური სიონიზმის ბლოკის ერთ-ერთი წევრია. ამ კვირაში ნეთანიაჰუს ჯგუფი ბლოკის სხვა წევრებსაც ესაუბრა. 

ნეთანიაჰუს ბლოკმა 1-ელი ნოემბრის არჩევნებში 64 მანდატი მოიპოვა. ისრაელში 2019 წლიდან მეხუთე არჩევნები ჩატარდა. პოლიტიკოსები აქამდე მთავრობის წარმატებით ფორმირებას ვერ ახერხებდნენ. ბოლო კოალიციამ უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც რამდენიმე დეპუტატმა მათი რიგები დატოვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო პრემიერის პოსტზე. ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა და, აქამდე, ეს პოზიცია 1996-1999 წლებში ეკავა. ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ კორუფციასთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ.

კომენტარები