ევროკავშირი

ევროკავშირი მოლდოვას ენერგოუსაფრთხოებისთვის 200 მილიონ ევროს გადასცემს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ენერგოუსაფრთხოებისთვის მოლდოვას დამატებით 200 მილიონ ევროს გადასცემს. 

მისი თქმით, ამასთან ერთად, მოლდოვასთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი მოიცავს 50 მილიონი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერას.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ლაიენმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ენერგო რესურსების ფასების ზრდის ფონზე, მოლდოვას განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში დაეხმარება.

კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი საერთაშორისო შემოწირულებების მობილიზებას მოახდენს მოლდოვას მხარდამჭერი პლატფორმის მეშვეობით, რომელიც 21 ნოემბერს პარიზში უნდა გაიმართოს.

"მხოლოდ ერთად, სოლიდარობით შევძლებთ გადავურჩეთ მომავალ ზამთარს და შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება, მშვიდობიანი და დემოკრატიული მომავალი". - თქვა სანდუმ.

კომენტარები