ირანი

საპროტესტო აქციების ფონზე ირანის კანონმდებლები "ამბოხებულთა" მკაცრ დასჯას ითხოვენ

REUTERS//File Photo

ირანელი კანონმდებლები სასამართლოს მოუწოდებენ, რომ მკაცრად დასაჯონ "არეულობაში ბრალდებულები".

"ვთხოვთ სასამართლო ხელისუფლებას მკაცრად მოეკიდოს ამ დანაშაულის ჩამდენებსა და ყველა მათ, ვინც დაეხმარა დამნაშავეს და შეძლო არეულობის პროვოცირება". - თქვა ირანის 227 დეპუტატმა 290-მანდატიანი პარლამენტიდან.

ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

აქტივისტმა საინფორმაციო სააგენტო HRANA-მ განაცხადა, რომ 5 ნოემბრის მონაცემებით, არეულობისას დაიღუპა პროტესტის 318 მონაწილე, მათ შორის 49 არასრულწლოვანი. ამასთანავე, დაიღუპა პოლიციის 38 თანამშრომელი.

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.


13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის იმ სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს. 22 წლის ირანელი ქურთი, ამინი მორალის პოლიციის განყოფილებაში "არასათანადო ჩაცმულობისთვის" დაკავების შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები