კულტურის სამინისტრო

ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა 172-დან 150-მდე შემცირდა – კულტურის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რევიზია გელათში, 2021
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა / Facebook

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უწყებაში მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დაწყებული ოპტიმიზაცია დასრულდა. სააგენტოს ცნობით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, 172 პირის ნაცვლად, 150 ერთეულით განისაზღვრა, შესაბამისად, სააგენტოდან 22 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

"სააგენტოს შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს 268-ს, ნაცვლად 259 ერთეულისა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, 172 პირის ნაცვლად, განისაზღვრა 150 ერთეულით. ხელფასი მოემატა შტატით გათვალისწინებულ 24 პოზიციას (საშუალოდ, 350 ლარით) და შტატით გათვალისწინებულ არც ერთ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო აღარ არის 1000 ლარზე ნაკლები". – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის მონიტორინგის სამსახურში შეიქმნა 5 რეგიონული დანაყოფი; სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს მეტი ავტონომია მიენიჭა.

"კერძოდ, განვლილი პერიოდის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის რესურსი (რომლის უმეტესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი) საკმარისი არ არის როგორც სააგენტოს მიერ დაგეგმილი ან/და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილი კონტროლის, ისე – რეგიონებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის.

შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურს დაემატა 26 ახალი შტატი. ამ სამსახურში შეიქმნა რეგიონული დანაყოფები – იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის, სადაც გადანაწილდა 26 საშტატო ერთეული (17 ახალი შტატი, 9 – არსებული, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან)". – აცხადებს სააგენტო.

სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომლები უწყების გადაწყვეტილებას "რეპრესიულ წმენდას" უწოდებენ. ამის შესახებ Facebook-ზე წერდა სააგენტოში დასაქმებული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების რესტავრატორი ანა შეროზიაც.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობამ მორიგი რეპრესიული წმენდა დაასრულა. რეპრესიების შედეგად გაათავისუფლეს 20 თანამშრომელი (ამ მომენტში რაც დავითვალე), რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა დარგის სპეციალისტები. 

კონკრეტულად ჩემზე რომ ვთქვა, 2016 წლიდან დღემდე, სააგენტოში (რომლის შემადგენლობაში 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია) ვიყავი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების ერთადერთი რესტავრატორი.
გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა ვაპირებთ დავის დაწყებას ჩვენი უფლებების დასაცავად, ჩვენი მემკვიდრეობის დასაცავად, მეცნიერების დასაცავად!" – წერს შეროზია.

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი უწყების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში ამ ეტაპზე არის ამ ტიპის 10 საქმე, რომელთაგან მხოლოდ ორზეა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები და ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო, ხოლო მეორე – სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, გუგა გოგაძემ.

კომენტარები