აშშ

ნენსი პელოსის ქმარზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინეს

კაცს, რომელიც 28 ოქტომბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სახლში შეიჭრა, ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის, სასიკვდილო იარაღით თავდასხმისთვის, ხანდაზმულობის შეურაცხყოფისთვის, ქურდობისთვის, საჯარო პირის ოჯახის წევრის მუქარისა და სხვა დანაშაულებისთვის წარუდგინეს

პოლიცია თავდასხმის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებს. 

"მე, ისევე, როგორც ჩვენი შვილები და შვილიშვილები შეძრული ვართ მომხდარით. გთხოვთ, იცოდეთ, რომ კონგრესისგან ამხელა მხარდაჭერა და თბილი სურვილები ჩვენი ოჯახის ნუგეშია და პოლს გამოჯანმრთელებაში ეხმარება - მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება". - თქვა პელოსიმ. 

CNN-ის ინფორმაციით, კაცი, რომელიც პოლ პელოსის დაესხა თავს, მის დაბმას ცდილობდა - "მანამდე, სანამ ნენსი სახლში არ მივიდოდა". პოლიციის მისვლისას, თავდამსხმელი ამბობდა, რომ "ნენსის ელოდებოდა".

"ეს არ იყო შემთხვევითი ქმედება. ეს იყო მიზანმიმართული მოქმედება". - თქვა სან-ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა, უილიამ სკოტმა პრესკონფერენციისას.

82 წლის პელოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას წარმატებით ჩაუტარდა "ოპერაცია თავის ქალას მოტეხილობისა და მარჯვენა მკლავისა და ხელების სერიოზული დაზიანებების გამო".

ნენსი პელოსი თავდასხმისას რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.

"დღეს დილით ადრე, თავდამსხმელი შეიჭრა პელოსის სან-ფრანცისკოს რეზიდენციაში, ფიზიკურად გაუსწორდა და შეურაცხყოფა მიაყენა პოლ პელოსის. თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია". - აღნიშნა პელოსის წარმომადგენელმა გუშინ, 28 ოქტომბერს.

კომენტარები