საქართველო-აშშ

დეგნანი: აშშ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები ხელახლა იწყება

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებზე მოლაპარაკებები ხელახლა იწყება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ამერიკა-საქართველოს ბიზნესის საბჭოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები დიდი ხანია რაც მიმდინარეობს. პროცესი კორონავირუსის მიერ მოგზაურობის სფეროზე მიყენებულმა ზიანმა შეაფერხა. დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ არ იცის თუ მოლაპარაკებები ამჟამად რა ეტაპზეა, თუმცა დაამატა, რომ პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს დააახლოებს.

"მგონი, ყველამ, ვინც აშშ-დან საქართველოში ჩაფრენილა, იცის, როგორი შესანიშნავი იქნებოდა პირდაპირი ფრენების არსებობა. ეს უკვე რამდენიმე ხანია რაც განიხილება... ვფიქრობ, საუბარი Covid-19-ის შემდეგ ხელახლა იწყება. რა თქმა უნდა, მოგზაურობის დარგზე Covid-19-მა გავლენა იქონია, ასე რომ, დარწმუნებული არ ვარ ეს საუბრები რა ეტაპზეა კოვიდის შემდეგ, მაგრამ ნამდვილად, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად მითქვამს, რომ ზოგჯერ რთულია აშშ-ში ხალხი დაარწმუნო, რომ საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ შორსაა. თუმცა მათ აღარასდროს უჭირთ მეორედ ჩამოსვლა, მას შემდეგ, რაც ქართული სტუმართმოყვარეობა აქვთ გამოცდილი". – თქვა დეგნანმა.

დეგნანი შეეხო აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობასაც და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა ხშირად მიმდინარეობს. 

"რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის სფერო, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო წარმომადგენელს ეხება და არა სახელმწიფო დეპარტამენტს, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მათთან ხშირად არის წამოყენებული და უყურებენ, როგორც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხიდს საქართველოსთან". – თქვა ელჩმა.

კომენტარები