საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას

ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი  სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას. 24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კომენტარები