რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

"რუსეთის ბრალდება უკრაინის ბინძურ ბომბზე ცხადი სიცრუეა" – აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი

რუსეთის თავდაცცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
ria.ru

აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრალდებაზე, რომ უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხე არსებობს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში დასავლური ქვეყნების მთავრობებმა შოიგუს ბრალდებას, უკრაინის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოყენებასთან დაკავშირებით, "ცხადი სიცრუე" უწოდეს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამ ბრალდების ესკალაციის საბაბად გამოყენების მცდელობა შესამჩნევი იქნება.

ამას გარდა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან დაადასტურა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდების არავის სჯერა. 

სერგეი შოიგუს ბრალდება Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უარყო დმიტრო კულებამ. მისი თქმით, რუსები ხშირად სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად გეგმავენ.

23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან "ბინძური ბომბის" გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა. ამავე საკითხზე ესაუბრა აშშ-ს თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინსაც. 

ბინძურ ბომბად მოიხსენიებენ კუსტარულად დამზადებულ ბირთვულ იარაღს.

კომენტარები