ნიკოლოზ ბასილაშვილი

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.   

მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა. ამასთან ერთად, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2020 წლის აღკვეთის ღონისძიება - ბასილაშვილისთვის 100-ლარიანი გირაოს შეფარდებაზე.

საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თქვა, რომ ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, სასამართლო მტკიცებულებებს სწორად შეაფასებდა და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა. რაც შეეხება სასჯელს, ბრალდება, დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ბასილაშვილის ადვოკატის, ნათია გვაზავას მტკიცებით კი დოროყაშვილი არაერთხელ შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას - "დავითვალეთ ათეულობით ტყუილი, რომელიც მან მიაწოდა საგამოძიებო ორგანის და, სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანომ მისი მოსაზრებები გაიზიარა". მისივე სიტყვებით, დოროყაშვილმა ჩოგბურთელის "პროვოკაციაზე წამოგება" არაერთხელ სცადა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმე 2020 წლიდან მიმდინარეობდა. ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებს ბრალს. ჩოგბურთელი ბრალდებას უარყოფს - მისი ოჯახის განცხადებით, "არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა".   

ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

როგორც ნელი დოროყაშვილი ყვებოდა, ბასილაშვილმა მასზე ფიზიკურად მაშინ იძალადა, როდესაც შვილს წასაყვანად მიაკითხა - დოროყაშვილი ამბობს, რომ ჩოგბურთელი მას ფიზიკურად ბავშვის თვალწინ გაუსწორდა. მისივე თქმით, კონფლიქტში ბასილაშვილის მამაც ჩაერთო და მას და ბავშვს "დიდტარიანი საგნით" გაეკიდა.

2020 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. 24 მაისს სასამართლომ მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - ბასილაშვილმა საპატიმრო იმავე დღეს დატოვა.  

მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.   

კომენტარები