კრიმინალი

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და იძულების საქმეებზე 2 კაცს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისში არასრულწლოვნების მიმართ იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე სასამართლომ ორ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ქუთაისში არასრულწლოვანს მანქანით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, მგზავრობის დროს მანქანა გზიდან გადააყენა, გადმოვიდა და დაზარალებულის მხარეს ჩაჯდომას ცდილობდა, ამ დროს არასრულწლოვანს დამ დაურეკა. ბრალდებულმა დაზარალებულს საუბრის საშუალება არ მისცა და ტელეფონის მისთვის მიცემა აიძულა, რა დროსაც არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თექვსმეტ წელს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ორივე ბრალდებული 18 და 19 ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (იძულება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა. 

კომენტარები