კრიმინალი

"არასრულწლოვნებს სასქესო ორგანოებზე შეხებას სთხოვდა" – შსს ქუთაისში დაკავებულზე

შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, ქუთაისში დაკავებული ერთერთი კაცი სკოლის მოსწავლეებს სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა, მეორემ კი, არასრულწლოვანი გოგო მანქანაში ჩაისვა და მას მობილური ტელეფონი წაართვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა“, – აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და არასრულწლოვნის იძულების მუხლებით ორი კაცი დააკავეს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სკოლის წარმომადგენლებმა მათ შეტყობინება გაუგზავნეს და სიფრთხილისკენ მოუწოდეს. 

"მომივიდა ხმოვანი შეტყობინება, როგორც ყველა მშობელს, რომ ვიყოთ ფრთხილად, რადგან დაფიქსირდა ორი ფაქტი ბავშვების მოტყუების - "ვარ მამის მეგობარი" ან "შეყვარებულს გადააწოდეთ ყვავილი". იყო მშობლების გაფრთხილება". - ამბობს ერთ-ერთი მშობელი ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები