რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა უკრაინის ახალანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

Getty Images

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

"ხელი მოვაწერე განკარგულებას ამ რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ სუბიექტში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. ის დასამტკიცებლად დაუყოვნებლივ გაეგზავნება ფედერაციულ საბჭოს, გადაწყვეტილების მიღების შესახებ კი ინფორმირებულია სახელმწიფო დუმა". – თქვა პუტინმა.

ამის შესახებ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა უარს ამბობს მოლაპარაკებებზე და აგრძელებს ამ რეგიონებზე იერიშების მიტანას.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში გამოცხადებული ჰქონდათ საომარი მდგომარეობა რუსეთის მიერ უკანონო ანექსიამდე.

პუტინმა, არსებულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე დამატებითი უფლებამოსილება მიანიჭა რუსეთის ყველა რეგიონის მეთაურს.

პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, რუსეთის მთავრობას, თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის გვარდიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და პრეზიდენტის სპეციალური პროგრამების მთავარ სამმართველოს ევალება სამი დღის ვადაში წარადგინონ მისაღები ზომების წინადადებები.

პუტინმა ასევე სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის რეგიონებში უნდა შეიქმნას ტერიტორიული თავდაცვის შტაბები.

კომენტარები