აზერბაიჯანი-ირანი

ISW: ირანი აზერბაიჯანის საზღვრებთან წვრთნებს მართავს, რათა ბაქოს დაემუქროს

ირანის სამხედრო ტექნიკა წვრთნებზე, არდაბილის რეგიონი, აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე რეგიონი, 2022 წლის 17 ოქტომბერი
Tasnimnews/Hossein Zohrevand

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 17 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნებს მართავს, რათა ბაქოს დაემუქროს, სავარაუდოდ, ისრაელის დაზვერვის აგენტების ქვეყანაში მიღებისთვის. 

ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სახმელეთო ძალებმა 17 ოქტომბერს, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და არდაბილის პროვინციებში სამდღიანი სამხედრო წვრთნები, სახელად ძლიერი ირანი დაიწყეს.

როგორც ISW საკუთარ ანგარიშში წერს, IRGC სამხედრო წვრთნებით ახდენს დემონსტრაციას, რომ აზერბაიჯანზე და მის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმის შესაძლებლობა გააჩნია. სამხედრო წვრთნებში გამოყენებულია არტილერია, ვერტმფრენები, ტანკები და რაკეტები. ამას გარდა, IRGC-ში გამოაცხადეს აზერბაიჯანისა და ირანის გამყოფ მდინარეზე ხიდის გადების წვრთნებიც, რაც ამ ვარჯიშების ფარგლებში პირველად ხდება. რევოლუციური გვარდია სამხედრო წვრთნებში იყენებს Fateh-360-ის ტიპის მოკლე მანძილის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა რადიუსი, ირანის მტკიცებით, 120 კილომეტრია. როგორც ISW წერს, IRGC-სთან კავშირში მყოფ მედიაში ტრაბახით აღნიშნეს, რომ რევოლუციურმა გვარდიამ ეს რაკეტები აქამდე ერაყის ქურთისტანის რეგიონში გამოიყენა.  IRGC-სთან კავშირში მყოფმა ჟურნალისტმა, ჰოსეინ დალირიანიმ კი სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საუბარია ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის აზერბაიჯანთან დაპირისპირების მზაობაზე.

"წვრთნები აჩვენებს IRGC-ს ძალიან სერიოზულ მზაობას სამხედრო დაპირისპირებაზე ნებისმიერ რეჟიმთან, რომელსაც ირანსა და სომხეთს შორის სახმელეთო კავშირის გაწყვეტა სურს". – დაწერა ირანელმა ჟურნალისტმა.

როგორც ISW წერს, ირანელი მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის მტკიცებით, ისრაელი აზერბაიჯანს სადაზვერვო ბაზად იყენებს, რათა ირანში საპროტესტო ტალღა გაამძაფრონ. 

ომის კვლევის ინსტიტუტს ასევე აღნიშნული აქვს, რომ სამხედრო წვრთნების გახსნის ცერემონიას დაესწრო IRGC-ს მეთაური, გენერალ-მაიორი ჰოსეინ სალამი, რომელმაც ისრაელი დაადანაშაულა მოქმედებაში ირანის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში, რაშიც მან აზერბაიჯანი იგულისხმა.

ამას გარდა, გენერალ-მაიორმა სალამიმ ასევე გააფრთხილა საუდის არაბეთი, საკუთარი მედიის გავლენებით ირანში საპროტესტო აქციების წახალისებასთან დაკავშირებით. ირანის უმაღლესი ლიდერი, ალი ხამენეი და სხვა მაღალჩინოსნები პროტესტების ხელშეწყობასა და ისლამური რესპუბლიკისთვის ძირის გამოთხრაში აშშ-ს, ისრაელსა და საუდის არაბეთს ადანაშაულებენ. ამის გამო, IRGC-ს ყუდსის ძალები იემენელ ჰუსიტებსა და ერაყში ირანის მარიონეტულ ძალებს იყენებენ საუდის არაბეთზე დრონებისა და სარაკეტო იერიშების მისატანად.

ირანში საპროტესტო ტალღა სექტემბრის შუა რიცხვებში, ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მორალის პოლიციის მიერ ცემის შედეგად გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. შეტაკებები მიმდინარეობდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ასობით დემონსტრანტი. 

ISW-ს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა ბოლო თვეებში სომხეთის გამო გამწვავდა, რამაც, სავარაუდოდ, თეირანს ასევე მიაღებინა წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება. ირანი ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სახმელეთო დერეფნით დაკავშირების სურვილს, რადგან, მათი მტკიცებით, ეს დაბლოკავს ირანის გასავალს ევროპულ და რუსულ ბაზრებზე. როგორც ISW წერს, IRGC, შესაძლოა, ამ წვრთნებს ნაწილობრივ ატარებდნენ იმის საჩვენებლად, რომ ბაქოს ამ გეგმის წინააღმდეგ არიან.

ISW-ს ანგარიშში ასევე წერია, რომ ირანმა წვრთნებში ჩართული სამხედროები, შესაძლოა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივად ჩასახშობად გადაიყვანონ.

ირანსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება გასულ წელსაც გამწვავდა, როდესაც თეირანმა საზღვრებთან სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ვრცლად შარშანდელი დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ირანის ალყაში მოქცევის შიში – დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის.

კომენტარები