ირანი

ევინის ციხეში ხანძრის შედეგად 8 პატიმარი დაიღუპა – ირანის სასამართლო

ირანის სასამართლოს ცნობით, თეირანში, ევინის ციხეში ხანძარს 8 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა

სასამართლოს ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი სახელოსნოში ზოგიერთი პატიმრის შორის ჩხუბი იყო. თუმცა, ეს კომენტარი შეიძლება შევაფასოთ თეირანის მცდელობად, რომ ციხის ბუნტისა და საპროტესტო აქციებს შორის კავშირი გააქროს. სასამართლოს ცნობით, პირველი ოთხი პატიმარი კვამლის ინჰალაციის შედეგად გარდაიცვალა. 

15 ოქტომბერს, ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე, ევინის ციხეში ცეცხლი გაჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

თვითმხილველების თქმით, ტერიტორიიდან სულ მცირე სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. სატრანსპორტო მოძრაობა გადატვირთული იყო ციხის მახლობლად მდებარე მთავარ ავტომაგისტრალზე, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ჩრდილოეთით. ამასთაანავე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ პოლიციამ ციხემდე მიმავალი გზები გადაკეტა. 

  • "სიკვდილი დიქტატორს" - პროტესტის ცნობილი სლოგანი ისმოდა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში.

ციხეში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მომიტინგეებმა15 ოქტომბერს მთავარ ქუჩებსა და ირანის ზოგიერთი ქალაქის უნივერსიტეტებში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გააძლიერეს.

ადამიანის უფლებათა დამცველთა განცხადებით, პროტესტის მეოთხე კვირას დაღუპულია პროტესტის ასობით მონაწილე, მათ შორის ბავშვები.

აქციები ახალაგაზრდა ქალის მაჰსა ამინის დაკავებიდან მალევე გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და პროტესტი უკვე მეხუთე კვირაა გრძელდება. რა ხდებოდა პროტესტის მესამე კვირას შეგიძლიათ წაიკითხოთ - აქ, მეოთხე კვირის შეჯამების ნახვა კი აქ შეგიძლიათ.


13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები