რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დროა, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს – ისრაელის დიასპორის მინისტრი

ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრი, ნახმან შაი

ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრმა, ნახმან შაიმ ისრაელის მთავრობას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღარ უნდა არსებობდეს ეჭვი იმაზე, თუ კონფლიქტის რომელ მხარეს დგას ისრაელი. 

"დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. შესაბამისად, ეჭვს აღარ უნდა ბადებდეს ის, თუ რომელ მხარეს უნდა დადგეს ისრაელი ამ სისხლიან კონფლიქტში. დროა, უკრაინამ ისრაელისგან ისეთივე სამხედრო დახმარება მიიღოს, როგორსაც მას აშშ და NATO-ს სხვა ქვეყნები აწვდიან" - წერს ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრი, ნახმან შაი.

დღეს, 16 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირანი მზად არის, რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, მცირე რადიუსის რაკეტები მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

The Washington Post-ის ინფორმაციით, 18 სექტემბერს თეირანმა ირანელი მაღალჩინოსნები მოსკოვში სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე საბოლოოდ მოსალაპარაკებლად გაგზავნა. The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებებში საუბარია ორი ტიპის სახმელეთო რაკეტაზე. 

წყაროების ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ირანის შეიარაღებული ინდუსტრია რუსეთში გასაგზავნად Fateh-110-ისა და Zolfaghar-ის ტიპის რაკეტებს ამზადებს. ცნობილი ირანული ბალისტიკური რაკეტები 300 და 700 კილომეტრის დისტანციაზე მყოფ სამიზნეებზეა გათვლილი.

The Washington Post-ის წყაროების ცნობით, ირანი რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების ახალ მარაგსაც გაგზავნის. მათ შორის, დამატებით 10-მდე Mohajer-6-სა და კიდევ უფრო მეტ Shahed-136-ს. გარდა ამისა, წყაროების თქმით, ირანელი ინსტრუქტორები რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს ეწვივნენ, რათა რუს ჯარისკაცებს ირანული დრონებისა და რაკეტების გამოყენება ასწავლონ.

კომენტარები