კაპიტოლიუმზე შტურმი

აშშ-ს კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იბარებს

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

შეერთებული შტატების კონგრესი, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იბარებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის იმ კომიტეტმა მიიღო, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის საქმეს იძიებს.

ტრამპის გამოძახების გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის ცხრა წევრმა დაუჭირა.

დათანხმდება თუ არა ტრამპი კონგრესში ჩვენების მიცემას ჯერ უცნობია.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით 14 იანვარს დონალდ ტრამპს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა, თუმცა ტრამპის იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა. კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ სხვადასხვა სოციალურმა ქსელებმა მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს.

კომენტარები