უკრაინელები საქართველოში

13 წლის მოზარდის დაღუპვის გამო უკრაინელმა აქტივისტებმა 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია გადადეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო უკრაინელმა აქტივისტებმა საქართველოში 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია გადადეს. უკრაინის მოქალაქეების განცხადებით, ასეთ დროს უკრაინის დამცველთა დღის საპატივცემულოდ აქციის ჩატარება მიზანშეწონილი არ იქნება. 

"დღეს თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, კიდევ ორი   ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში.

ეს დიდი ტრაგედიაა! ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს და ვიმედოვნებთ, რომ საავადმყოფოში მყოფი ბავშვები მალე გამოჯანმრთელდებიან.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ამ დროს უკრაინის დამცველთა დღის საპატივცემულოდ აქციის ჩატარება არ იქნება მიზანშეწონილი. ამიტომ, ჩვენ გადავდებთ ჩვენს ღონისძიებას და ჩავატარებთ კვირას, 16 ოქტომბერს, 18:00 საათზე". – წერია განცხადებაში. 

14 ოქტომბერს უკრაინელები ერთდროულად სამ დღესასწაულს აღნიშნავენ – უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღესა და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით იმართება საზეიმო აქცია #DefendingUkraine, რასაც 14 ოქტომბერს თბილისიც უნდა შეერთებოდა. 

ღონისძიება 16 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მონუმენტის ირგვლივ დადგებიან „დაცვის წრეში“, თითქოს იცავენ მონუმენტს – თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოს. თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხელში ეჭიროს პლაკატი, რომელზეც აწერია: "როგორც ჩვენ ვიცავთ თავისუფლების ძეგლს, ისე მამაცი უკრაინის დამცველები და გმირები იცავენ ცივილიზებულ სამყაროს ტერორისტული რუსეთისგან ყოველდღე".


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  

კლინიკაში მოათავსეს მეორე მოზარდიც, რომელიც, ექიმის თქმით, მართვით სუნთქვაზე იყო, შემდეგ კი  პროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.  

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები