თბილისის მერია

დონაძე ვაკის პარკზე: პასუხისმგებლობა ეკისრება კალაძეს და მერიის თანამდებობის პირებს

ბესიკ დონაძე
IPN

ევროპული საქართველოს წევრის ბესიკ დონაძის შეფასებით, ვაკის პარკში მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერს კალაძეს და მერიის იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაიბარეს. ვაკის პარკში დენმა დაარტყა ორ ბავშვს, რომელიც შადრევანში ჩავიდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"მერიას უნდა განეხორციელებინა მონიტორინგი ყველა სამუშაოსი, რომელიც შესრულდა, მაგრამ რადგან კალაძის პიარზეა აგებული დღეს ყველაფერი თბილისის მერიაში და ჩამოშლილია მთლიანად მერია, ამიტომ გვაქვს ასეთი ფაქტები, როდესაც ადამიანების სიცოცხლე დგება საფრთხის ქვეშ, ამიტომ, პასუხისმგებლობა სრულად უნდა აიღოს კახი კალაძემ, ასევე, ყველა თანამდებობის პირმა, რომელსაც ევალებოდა პროექტის ჩაბარება და მონიტორინგი, უნდა დატოვოს თანამდებობა გამოძიების დასრულებამდე" - ამბობს დონაძე.

ევროპული საქართველოს წევრის შეფასებით, თბილისის მერი "ძალიან ცუდად იქცევა", როდესაც ისრები გადააქვს მხოლოდ შემსრულებელ კომპანიაზე.

"არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც მერიის თანამშრომლები აწერენ ხელს, რომ ვაკის პარკში არსებული კასკადი და შადრევნები ჩაბარებულია და ყველაფერი არის კარგად. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებელია არამარტო შემსრულებელი კომპანია, არამედ ის თანამდებობის პირებიც, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს და ოფიციალური დოკუმენტი დადეს, რომ ყველაფერი არის წესრიგში, რომ მოსახლეობისთვის არის უსაფრთხო. შევახსენებ კახა კალაძეს, რომ დამნაშავეები და უპასუხისმგებლო თანამდებობის პირები ეძებოს მის გარშემო" - თქვა ბესიკ დონაძემ.

ევროპული საქართველოს წევრის გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.


დღეს, 13 ოქტომბერს, ბავშვები თამაშისას ახლადგახსნილი პარკის შადრევანში ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს. 

კომენტარები