რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: პარიზი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და იარაღს უახლოეს კვირებში მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა France 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს, რაკეტებსა და იარაღს უახლოეს კვირებში გაუგზავნის

მაკრონის თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის "დაბომბვის უპრეცედენტო ფაზას" მოჰყვა. 

დეტალების დაკონკრეტების გარეშე, მაკრონმა აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დაზვერვის ინფორმაციასაც აწვდიდა. ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტი თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტიანია, ვინაიდან ამ შეზღუდვებმა რუსეთის ეკონომიკის დესტაბილიზაცია გამოიწვია. 

"ჩვენ არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ინფორმაციულ იარაღსაც ვიყენებთ, რადგან ჰიბრიდულ ომში ვართ. ხოლო რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას მრავალფეროვანი მიდგომებით, მათ შორის: პროპაგანდისტული არხებით, სოციალური მედიით, შანტაჟითა და შიმშილით ცდილობს". - თქვა მაკრონმა. 

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა საპასუხო დარტყმის გადაწყვეტილებას ავტომატურად არ მიიღებს.

პრეზიდენტმა ასევე უარი თქვა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებაზე და დასძინა, რომ მსგავს იარლიყებს "მცირე შედეგი მოჰყვება" 

"არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელმაც მეორეს ომი გამოუცხადა და ეს საკმარისზე მეტია". - თქვა მაკრონმა. 

10 ოქტომბრიდან დღემდე რუსეთის 100-ზე მეტ სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინული მედია UNIAN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარი აფეთქება უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია იყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი, რაც რუსეთმა მოიპარა, უკრაინას უნდა დაუბრუნდეს და ყირიმის ხიდი მხოლოდ დასაწყისია.

კომენტარები