ნეპალი

ნეპალში დატბორვას და მეწყერს, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალის დასავლეთ ნაწილში, დატბორვას და მეწყერს, სულ მცირე, 33 ადამიანი ემსხვერპლა. მუსონურმა წვიმებმა ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კარნალის პროვინცია დააზარალა, სადაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

კარნალის პროვინციაში, ამ დრომდე ეძებენ კიდევ 22 ადამიანს, ათობით ადამიანს კი სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული. დატბორვისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი.

ზემოხსენებული პროვინციის სხვადასხვა რაიონში მდინარე კარნალის დონემ 12 მეტრს მიაღწია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიამ წაიღო რამდენიმე ხიდიც.

ადგილობრივმა მთავრობამ სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონში ვერტმფრენებიც გააგზავნა. პარალელურად, გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტო დაზარალებულებს საკვებით ამარაგებს და სამედიცინო დახმარებას უწევს.

აღსანიშნავია, რომ მუსონური წვიმების სეზონი ნეპალში დაახლოებით ივნისში იწყება და ოქტომბერში სრულდება. მიმდინარე წელს სტიქიებს, სულ მცირე, 110 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები