ირანი

ირანში საპროტესტო აქციებზე უშიშროების ძალების ორი თანამშრომელი დაიღუპა

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ირანის უშიშროების ძალების ორი თანამშრომელი დაიღუპა

ბასიჯის გასამხედროებული დაჯგუფების მტკიცებით, ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი დემონსტრანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Basij News-ი ავრცელებს. 

ასევე, ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ქურთისტანის პროვინციის ქალაქ სანანდაჯში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრი მოკლეს.

ირანული მედიის ცნობით, უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე, საპროტესტო აქციებზე RGC-ს, ბასიჯის და პოლიციის ძალების სულ მცირე 20 წევრი დაიღუპა. 

ირანის ქალაქებსა და დასახლებებიდან გავრცელებული ვიდეოები მოწმობს, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასევე, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ირანის უსაფრთხოების სამსახურები სკოლებსა და უნივერსიტეტებში მოსწავლეებისა და სტუდენტების დასაკავებლად იჭრებიან. 

"თეირანში ათობით ადგილას ხალხის დასაშლელად პოლიცია ცრემლსადენ გაზს იყენებს". - ამის შესახებ საინფორმაცო სააგენტო IRNA წერს. 

ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, სულ დემონსტრაციებზე ხელისუფლების მხრიდან ძალადობას 185 ადამიანის, მათ შორის, 22 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მესამე კვირაა ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საჯაროდ გამოეხმაურა ირანში ბოლო წლების ყველაზე დიდ საპროტესტო გამოსვლებს - დაარღვია რამდენიმეკვირიანი დუმილი, დაგმო "არეულობა" და საპროტესტო აქციების დაგეგმვაში ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა.

მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დააკავა, იგი ჯერ კომაში ჩავარდა და შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევას თეირანში დემონსტრაციები მოჰყვა. მისი სიკვდილი დაგმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰეშთეგით - #MahsaAmini, რამაც Twitter-ზე 1,8 მილიონ გაზიარებას მიაღწია. 

პოლიციის მტკიცებით, ამინი ავად მაშინ გახდა, როდესაც სხვა ქალების დაკავებას მორალის პოლიციასთან ერთად ელოდებოდა. უწყება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებულ მკაცრ წესებს აკონტროლებს. კანონი ქალებს თმების დაფარვასა და საჯარო სივრცეში ფართო ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება.

IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები