ირანი

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, უმაღლესი ლიდერი აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს

უკვე მესამე კვირაა ირანში მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი საჯაროდ გამოეხმაურა ირანში ბოლო წლების ყველაზე დიდ საპროტესტო გამოსვლებს - დაარღვია რამდენიმე კვირიანი დუმილი, დაგმო "არეულობა" და საპროტესტო აქციების დაგეგმვაში ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა

  • "ეს არეულობები და დაუცველობა შეიქმნა ამერიკისა და სიონისტური რეჟიმისა და მათი თანამშრომლების მიერ", – ამბობს ირანის უმაღლესი ლიდერი. 

გუშინ, 3 ოქტომბერს სტუდენტებსა და პოლიციას შორის მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ ირანმა დახურა უმაღლესი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. უკანასკნელი დღეებია სწორედ ეს ადგილია აქციების მთავარ ეპიცენტრად ქცეული. დაკავებულია ასობით სტუდენტი. ადმინისტრაციის ცნობით, სიტუაციის განმუხტვამდე მხოლოდ დოქტორანტებს დაუშვებდნენ კამპუსში.

  • სტუდენტური ასოციაციის ცნობით, ოფიცრებმა, სამოქალაქო ტანსაცმლით, სკოლას ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს და მინიმუმ 300 სტუდენტი დააკავეს.

დარბევებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და აღნიშნა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია ირანში მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის სტუდენტებისა და ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობით. ამასთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა დაგმო "რეჟიმის უხეში ძალა" შარიფის უნივერსიტეტში და იგი შეაფასა, როგორც განათლებისა და თავისუფლებისადმი შიში. 

  • "აშშ დგას ირანელი ქალებისა და ირანის ყველა მოქალაქის გვერდით, რომლებიც მსოფლიოს შთააგონებენ სიმამაცით" - თქვა ბაიდენმა განცხადებაში.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ოფიცრებს შორის ძალადობრივი შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 41-ს მიაღწიოს. უფლებადამცველთა ჯგუფების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი უფრო მაღალია, ხოლო ლონდონში დაფუძნებული Amnesty International-მა განაცხადა, რომ მსხვერპლი 52-ს აღწევს.

  • ამასთანავე, დაკავებულია მუსიკოსები, რომლებმაც საპროტესტო სიმღერა ჩაწერეს, ტექსტით - "ქალებისთვის, სიცოცხლისთვის, თავისუფლებისთვის"

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები